დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში უკვე ტრადიციად ქცეული აქცია - „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია“ - კახეთში, საგარეჯოს რაიონში გაიმართა. გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში პირადად მიიღო მონაწილეობა.
„2010 წელი გარემოს დაცვის სამინისტროსთვის არის დასუფთავების წელი. თითქმის ყოველ დღეს გავდივართ კონკრეტულ ადგილზე და ნაგვისგან ვასუფთავებთ. სირცხვილია, რომ ჩვენ, მოქალაქეები ვცხოვრობთ ამ ნაგვის გვერდით, ვერანაირ მტერს ვერ დავამარცხებთ, თუ ნაგვის დამარცხებას ვერ შევძლებთ. ამერიკელები, ევროპელები და მით უმეტეს ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი არ მოვა და არ დაგვილაგებს. ეს თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია“-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მასშტაბური აქცია - „პოლიეთილენის პაკეტი - ბუნების მტერია”, სამინისტრომ გასულ წელს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განახორციელა. გარემოს დაცვის მინისტრის ინიციატივით 2010 წელი „დასუფთავების წლად“ გამოცხადდა. აქციები „გონივრულად გარემოსთან!“ წელს საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს - ერთად ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე!