გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს სართიჭალის სანერგე მეურნეობას ეწვია და ნერგების გამოყვანის ახალ ტექნოლოგიას გაეცნო. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, პირველად საქართველოში მსოფლიოში აპრობირებული, კონტეინერული მეთოდით ნერგის გამოყვანის პროცესი დაიწყო.
"2009 წელს ჩვენმა სანერგემ მოახდინა პატარა სასწაული, პრაქტიკულად დიდი გარღვევა მოახდინა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ დარგულა იმდენი ხე, რამდენიც დაირგო 2009 წელს. ჩვენ გვინდა, რომ 2010 წელს გაცილებით მეტი დაირგოს. რაც ხდება, ეს სართიჭალის სანერგე მეურნეობის თანამშრომლების მთელი წლის შრომის შედეგია,“ განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ნერგის ღია გრუნტში გადატანა სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. აღნიშნული პროცესის დაჩქარება ზრდის და ნერგის 100%-ით გახარების საშუალებას იძლევა.
პატრიაქრის კურთხევით, თითოეულმა ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს. შესაბამისად, სამინისტროს ინიციატივით 2010 წლისთვის აქცია მასშატაბური გახდება და საქართველოს რეგიონებში კიდევ 300 ათასი ნერგი დაირგვება. მსურველებმა უნდა დარეკონ “ცხელ ხაზზე” - 070 და სეზონის დადგომისთანავე სამინისტრო მათ ნერგებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.