გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ვერონიკა საფრანკოვას ხელმძღვანელობით დელეგაცია მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ვერონიკა საფრანკოვამ და გოგა ხაჩიძემ საქართველოსა და ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროების პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროგრამები, თვინინგის პროექტები, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები.
„ჩეხეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის ძალიან საინტერესო საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ კოპენჰაგენში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მინისტრთან, დღეს უკვე ამ მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგი გვაქვს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში მზის ენერგიის ბატარეები დამონტაჟდება, რომელიც ჩვენ დაცულ ტერიტორიებში ინფრასტრუქტურის განვითარებას ძალიან დაეხმარება. რაც შეეხება ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას, ძალიან საინტერესო იყო და შეეხებოდა ჩვენს სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკულ მიმართულებებს“-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროში დღესვე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტკვინსკიმ და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების მზის ბატარეის სისტემებს შეიძენს.
“ეს პროექტი არის მთლიანი პროგრამის ნაწილი, რომელსაც ახორცილებს ჩეხეთის მთავრობა საქართველოში რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდასაჭერად. პროექტი ორიენტირებულია ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებაზე, რაც ჩეხეთის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მთავარი მიზანია ეროვნულ პარკში მზის ბატარეების სისტემის დამონტაჟება და მისი შესწავლა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი კარგი იქნება, როგორც სადემონსტრაციო და საპილოტო მოდელი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მხარს უჭერს ალტერნატიური ენერგიის გამოყენებას, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად არსებული ენერგიის წყაროს, ასევე, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და სათბური გაზების მიტიგაციას. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება.“-განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტვინსკიმ.
ხელისმოწერის ცერემონიას ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე დაესწრნენ.
,,ეს პროექტი თუშეთის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუშეთში ჩვენ ათწლეულების განმავლობაში არ გვქონდა ელექტროენერგია. ოჯახები და სასტუმროები ნათდებოდნენ გენერატორებით. ახლა გადავდივართ თანამედროვე ტექნოლოგიების ენერგეტიკულ მომარაგებაზე, როგორიც არის მზის ენერგიით მიღებული ენერგია. ერთის მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავეხმაროთ ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, სადაც იქნება დამონტაჟებული ასეთი ბატარეები, მეორეს მხრივ, ეს დადებითად აისახება იმ ოჯახებზე, რომლებიც მთელ წელიწადს თუშეთში ატარებენ. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კუთხით. მზის ენერგია ხელს შეუწყობს თუშეთის ეროვნულ პარკში გარემოს დაბინძურების შემცირებას, რადგან მზის ენერგია არის ეკოლოგიურად სუფთა. აქედან გამომდინარე, ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროექტის გაფართოებას.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
2003 წლიდან ჩეხეთსა და საქართველოს სამინისტროს შორის არ ყოფილა განხილული ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტები. კოპენჰაგენისა და თბილისის შეხვედრების შემდეგ წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით სამომავლოდ იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავება და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.