გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ქობულეთს ეწვია და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც აპრილში რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა უნდა გაიმართოს. ფორუმზე დასასწრებად 120 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა. მინისტრმა სასტუმრო "ჯორჯია პალასის" სარემონტო სამუშაოებიც მოინახულა. აჭარა პირველი რეგიონია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ-ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ფორუმს უმასპინძლებს.
"მოხარული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმს უმასპინძლებს აჭარა. ძალიან დიდი ფორუმი იქნება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმროს ხელმძღვანელობას. დღე და ღამე მიმდინარეობს მუშაობა, რომ საკონფერენციო დარბაზი დასრულდეს. იმედი გვაქვს ფორუმი კარგად და ღირსეულად ჩაივლის," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
რამსარის კონვენციას ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ საქართველო 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების, შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.
მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. კონვენციის ერთ-ერთი მიმართულებაც სწორედ ეკო-ტურიზმის ხელშეწყობაა.