• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • სალიცენზიო ფორმები
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

კლიმატის ცვლილება (en)

დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. 
გლობალური დათბობა ნიშნავს დედამიწაზე ჰაერის მიწისპირა საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდას. ეს პროცესი წინაინდუსტრიული პერიოდიდან (დაახლოებით 1750 წლიდან) დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. 
რეგიონის კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი (როგორც წესი 30 წლიანი) პერიოდისათვის გასაშუალოებული მეტეოროლოგიური პარამეტრებით (ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა და სხვ). კლიმატი ფაქტიურად გასაშუალოებული ამინდია. 
კლიმატის ცვლილება განმარტებულია როგორც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივი ცვლილება. 
გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ე.წ. "სათბურის გაზების"ემისიების (გაფრქვევის) და შესაბამისად "სათბურის გაზების" კონცენტრაციების ზრდა ატმოსფეროში. 
"სათბურის გაზები" ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის (სითბოს) გასხივებას, თვით მოვლენას კი "სათბურის ეფექტი "ეწოდება. 
"სათბურის გაზების ფენა" მოქმედებს სათბურის მინის აანალოგიურად, რომელიც დაუბრკოლებრივ ატარებს მზის სხივებს, მაგრამ აკავებს სითბოს. აქედან მომდინარეობს ტერმინები "სათბურის ეფექტი" და "სათბურის გაზები". რეალურად, „სათბურის გაზები" ინტენსიური აღრევის შედეგად თანაბრად არიან განაწილებული ატმოსფეროში. მეცნიერულად მცდარი ტერმინი "სათბურის გაზების ფენა" შემოტანილია რათა გასაგები გახდეს ანალოგია და ტერმინები "სათბურის გაზები" და "სათბურის ეფექტი" . 
მთავარი "სათბურის გაზებია" ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი, განსაკუთრებით კი აზოტის ქვეჟანგი ბევრად უფრო ძლიერი "სათბურის ეფექტის" მქონე გაზებია, ვიდრე ნახშირორჟანგი, მთავარ სათბურის გაზად სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ატმოსფეროში მისი უდიდესი წილის გამო. ნახშირორჟანგი ძირითადად გამოიყოფა წიაღისეული საწვავის (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი) წვის შედეგად. 
მრავალი ათასწლეულების მანძილზე დედამიწაზე დამყარდა წონასწორობა მზიდან შემოსულ და დედამიწის მიერ გაცემულ ენერგიებს შორის, რამაც განაპირობა შესატყვისი კლიმატის ჩამოყალიბება. 
როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანის საქმიანობის გააქტიურებამ გამოიწვია ატმოსფეროში "სათბურის გაზების" ემისიებისა და კონცენტრაციების ზრდა. 
რაც უფრო მაღალია "სათბურის გაზების" კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე. "სათბურის გაზების" კონცენტრაციების ზრდის პასუხად, კლიმატური სისტემა უნდა გადაეწყოს, რომ შენარჩუნდეს ბალანსი დედამიწაზე მზიდან შემოსულ და დედმიწის მიერ გაცემულ ენერგიებს შორის. 
ამგვარი გადაწყობა მოითხოვს დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს ქვედა შრეების ,,გლობალურ დათბობას''. დათბობა კლიმატისათვის ჭარბი ენერგიის თავის აცილების ყველაზე მარტივი გზაა. დაიწყო კლიმატის ცვლილების პროცესი - დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდა, რაც სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. გლობალურ კლიმატის ცვლილებას თან სდევს დრამატული ხასიათის უამრავი გამოვლინება. 
ასე მაგალითად, ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. არქტიკის საშუალო ტემპერატურები სწრაფად იზრდება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საუკუნის ბოლოსათვის არქტიკა ზაფხულობით შეიძლება ყინულით აღარ იყოს დაფარული. არქტიკისა და გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ოკეანეში ჩაედინება ცივი წყალი, რომელიც ასუსტებს "გოლფსტრიმს" - თბილ დინებას, რომელსაც ეკვატორიდან სითბო გადააქვს ჩრდილო განედებისაკენ. 
მარცხნივ სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ თბება დიდი ბრიტანეთი, დასავლეთ ევროპა და სკანდინავია. "გოლფს-ტრიმის" გაქრობას მოყვება კლიმატის რადიკალური ცვლილება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია საშუალო წლიური ტემპერატურის შემცირება 10 გრადუსით, ბრიტანეთის სანაპიროსთან ტემპერატურა სავარაუდოდ დაიკლებს 5 გრადუსით. დიდი ბრიტანეთის კლიმატი გაცილებით ცივი შეიძლება გახდეს ვიდრე ის იყო XVII-XVIII საუკუნეებში, ეგრეთ წოდებულ მცირე გამყინვარების პერიოდში. ყინულის საფარის დნობამ სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიწვია ზღვის დონის აწევა, რაც დაბლობ ზღვისპირა ადგილებს სანაპიროს ეროზიით, დატბორვითა და მტკნარი წყლის დაბინძურებით
ემუქრება. დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან მცირე კუძულოვანი სახელმწიფოები, რომელთა მო-

მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ზღვის დონიდან 2 მ-ზე ნაკლები სიმაღლის მჭიდროდ დასახლებულ კუნძულებზე. არსად ისე სერიოზულად არ მიუდგნენ ზღვის დონის აწევას, როგორც ინდოეთის ოკეანეში მდებარე მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოს "მალდივის კუნძულების" დედაქალაქ მალეში. გარდაუვალი საფრთხის საპასუხოდ ქალაქის გარშემო აიგო დამცავი დამბები. მარცხნივ სურათზე ნაჩვენებია ქალაქი მალე, რომელიც ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს.
გვალვები: 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, წინა პერიოდებთან შედარებით უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი გვალვები აღინიშნება დედამიწის ვრცელ ფართობებზე. ბოლო ათი წელია ავსტრალიაში არნახული გვალვებია. აქ 2003-2007 წლებიდან სამი წელი რეკორდულად ცხელი იყო, ბოლო ათწლეული კი განსაკუთრებულად მშრალი. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში გამუდმებულმა გვალვებმა გააძლიერა გაუდაბნოების პროცესი. ამ რეგიონის ქვეყნებში შეიქმნა ეკოლოგიური კატასტროფის-საკვების მასობრივი უკმარისობის საფრთხე. 2005 წელს ამაზონის აუზი უსასტიკესმა გვალვამ მოიცვა. მდინარეები დაშრა, ათასობით კვადრატულ კმ-ზე თვეობით იწვოდა მიწა. ტროპიკულმა ტყემ (ნოტიო ჯუნგლებმა) ასეთ გვალვას მხოლოდ რამდენიმე წელი შეიძლება გაუძლოს. შემდეგში არ არის გამორიცხული დაიწყოს ტყის გარდაქმნა სავანად ან უდაბნოდ, რაც კატასტ-როფულად იმოქმედებს მსოფლიო კლიმატზე. 2005 წელს ჩინეთის ხორბლის მომყვან პროვინციებში ზამთრის ნალექები ნორმაზე 80% ნაკლები მოვიდა, რამაც გამოიწვია ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვა. მარცხნივ ნაჩვენებია მდინარის კალაპოტი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში.
მყინვარების ზომები გლობალური დათბობით გამოწვეული გაძლიერებული დნობის შედეგად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მცირდება. ჰიმალაის მყინვარები შესაძლოა გაქრეს 2035 წლისათვის. ამ მყინვარებით იკვებება აზიის უდიდესი მდინარეები - განგი, ინდუსი, ბრაჰმაპუტრა, იანძე, მეკონგი, სალვინი და ყვითელი მდინარე, რომელთა აუზებში დაახლოებით 2,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპირო, რომელიც იკვებება "სიერა ნევადისა" და "კლდოვანი მთების" მყინვარებით ანალოგიურ ზემოქმედებას განიცდის. ინტენსიურად მცირდება მყინვარების ზომები ალასკაზე.

ქვემოთ მარცხენა ფოტოზე ჩანს მუირის მყინვარი ალასკაზე 1941 წელს, მარჯვენაზე კი - იგივე მყინვარი 2004 წელს. ამერიკელ გეოლოგთა დაკვირვებით მყინვარმა დაიხია 20 კმ-ზე მეტით და შევიწროვდა 800 მეტრით. ოკეანის წყალმა შეავსო ხეობა, ჩაენაცვლა რა მყინვარის ყინულს, "მყინვარის ენა" გაქრა მხედველობის არიდან.


ტროპიკული ციკლონების აქტივობის ინტენსიური ზრდა დაიწყო დაახლოებით 1970 წლიდან. 2001 წლიდან დღემდე ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნა უმაღლესი კატეგორიის 8 ქარიშხალი. მანამდე ყველაზე ქარიშხლიანი ათწლეული უმაღლესი კატეგორიის 6 ქარიშხლით იყო 1960-1969 წლები. 
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2005 წელი, როცა უმაღლესი კატეგორიის 4 ქარიშხალი დაატყდა აშშ სანაპიროს. ამათგან კარიშხალი "კატრინა" ქარიშხლების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი იყო - "კატრინამ" მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის ეკონომიკას კი 150 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა.

ბოლო წლებში გახშირდა და გაძლიერდა სითბური ტალღები. სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს, რომელსაც თან დევს მაღალი სინოტივე. 2003 წლის ივნის-აგვისტოში ევროპაში განვითარებული სითბური ტალღები რეკორდულად ცხელი იყო, განსაკუთრებით საფრანგეთში. სურათზე მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილია მაღალ-ტემპერატურიანი ადგილები. ამ წელს "სითბური ტალღების" შედეგად 37 ათასზე მეტი ევროპელი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 14 ათასი საფრანგეთში, ძირითადად მარტოხელა მოხუცები. "სითბურმა ტალღებმა" სამხრეთ ევროპაში მარცვლეულის უკმარისობა გამოიწვია. ევროკავშირში ხორბლის მოსავალი მოსალოდნელზე 10 მილ. ტონით ნაკლები მოიწიეს.

 

 

Partners