• ზედამხედველობა
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
  • tamashi-daaxarisxe-da-gadaamushave
  • მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის“
Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia

ტყე და ბიომრავალფეროვნება (en)

 

 

 

ტყე 

 

დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეებში ტყეს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეებისბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

 

ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები „გამოიმუშავებენ“ ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50 %-ს). ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიური წონასწორობისა ბიოსფეროში, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა.

ტყე ამავდროულად არის ბიოსფეროს მნიშვნელოანი შემადგენელი ნაწილი, გეოგრაფიული ლანდშაფტის ელემენტი. ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობაზე და ტემპერატურაზე, არის  წყარო მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის.

 

 

საქართველოს ტყე 

 

საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებასაც, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ფუნქციონირებას, ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრას და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

 

საქართველოს ტყის 95−98% ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი შემადგენლობა, აღნაგობა, ზრდა-განვითარება და სხვა მახასიათებლები განაპირობებს მდიდარ ბიომრავალფეროვნებას − საქართველოს ტყეში 400-მდე სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება.

დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემური მერქნიანი მცენარეების სიმრავლე. მათ შორის საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიისა – 43. საქართველოს ტყე ფაუნის მრავალი სახეობის საბინადრო ადგილი და სამიგრაციო დერეფანია და მათ გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში ეხმარება. საქართველო დედამიწის ბიოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ განსაზღვრული 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი კავკასიის რეგიონია. გარდა ამისა, ორგანიზაცია „საერთაშორისო კონსერვაციის“ (Conservation International) მიერ განსაზღვრული 34 „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილიდან“ (ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული და იმავდროულად სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან) საქართველო შედის 2 „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში“ − კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში. საქართველოს მთებში შემორჩენილი ტყის მასივები დედამიწის ზომიერ სარტყელში უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რაც მათ გლობალურ მნიშვნელობას განაპირობებს.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შედეგად შეიქმნა სატყეო პოლიტიკის სამსახური (ამჟამად ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტკის დეპარტამენტი).

სატყეო პოლიტიკის სამსახურის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სატყეო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სატყეო სექტორის რეფორმის პროცესის ხელშეწყობა, სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე კოორდინაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დამტკიცება. სატყეო სექტორის რეფორმის პროცესში პოლიტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე კოორდინაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

 

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ შეიმუშავა ახალი „ტყის კოდექსის“ კანონის პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა.

 

 

 „ტყის კოდექსის“ კანონის პროექტი

 

ეროვნული სატყეო კონცეფცია

 

 

Partners