საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ჰაერი

 

                    

 

 

 

ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის შეუფასებელია. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ატმოსფეროში დამბინძურებლების, კერძოდ კი ისეთი მავნე ნივთიერებების, როგორიცაა: ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის ოქსიდების, მტვრის მცირე ზომის ნაწილაკების, ორგანული ნაერთების და ა.შ. დაშვებულზე მაღალი კონცენტრაციები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე,  ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.

 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან. მათგან ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგეტიკა, რადგან ბოლო წლებში იზრდება ამ სექტორებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა. სამრეწველო სექტორიდან კი ატმოსფეროში ძირითადად მტვერი,  აზოტისა და გოგირდის ოქსიდები გაიფრქვევა, რომელთა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი ცვლილებით. მტვერგაფრქვევით ძირითადად ხასიათდება მრეწველობის ისეთი ქვედარგები, როგორიცაა: ცემენტის, გაჯის, ასფალტ-ბეტონის წარმოებები.

 

 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მონიტორინგი

 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვებების რეგულარული წარმოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰაერის ფაქტიური მდგომარეობის შესახებ ობიექტური და უტყუარი ინფორმაციის მისაღებად, რაც ქმედითი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირების აუცილებებლი წინაპირობაა. ჰაერის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. დღეისათვის საქართველოში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი და ჭიათურა) განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგურის საშუალებით, რომელთაგან 4 ავტომატური სადგური თბილისში მდებარეობს.

 

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის 6 ავტომატურ სადგურზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება დაკვირვება შემდეგ დამაბინძურებლებზე: გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის დიოქსიდი (NO2), აზოტის ოქსიდები (NOx), ნახშირბადის მონოქსიდი (CO), მიწისპირა ოზონი (O3) და მტვრის მცირე ზომის მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5).

 

გარემოს ეროვნული სააგენტო სტაციონარულ გაზომვებთან ერთად ჰაერის ხარისხზე დაკვირვებას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ინდიკატორული გაზომვების საშუალებითაც ახორციელებს.

 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების პირველი ეტაპის შედეგები 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მეორე  ეტაპის შედეგები 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მესამე  ეტაპის შედეგები

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მეოთხე ეტაპის შედეგები

 

 

 გაფრქვევების სახელმწიფო რეგულირება

 

ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხები რეგულირდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. გარემოსდაცვითი სტანდარტები ადგენს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მოთხოვნებს და განსაზღვრავს წყალში, ჰაერსა და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებების მაქსიმალურ დასაშვებ კონცენტრაციებს. საქართველოში ჰაერის ხარისხობრივი ნორმები (სტანდარტები) განისაზღვრება განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“. სტანდარტები დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზდკ) ნორმების მნიშვნელობების სახით.

 

ზდკ-ს ნორმა წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მაქსიმალურ კონცენტრაციას დროის გარკვეული გასაშუალოებული პერიოდისათვის, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას ან ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე არ ახდენს მასზე მავნე ზემოქმედებას.

 

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზდკ-ების საფუძველზე ხდება ატმოსფეროს დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტებისათვის გაფრქვევათა ნორმების გაანგარიშება და დადგენა. გარემოში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმები განსაზღვრავს დაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროდან ჰაერში ამა თუ იმ მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას. ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს ასეთი ნორმები უდგინდებათ ინდივიდუალურად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებისას, ხოლო დანარჩენი სტაციონარული ობიექტებისათვის, ასევე ავტომობილებისათვის გაფრქვევების ნორმირება ხდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების საშუალებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებებით რეგულირდება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხი და მასში შემავალი კომპონენტების შემცველობა (მაგ. ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის და სხვ).

 

 

პარტნიორები