საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ეროვნული შეტყობინებები

 კონვენციის მუხლ 12-ის პუნქტ 1-ის თანახმად თვითოეული მხარე მხარეთა კონფერენციას კონვენციის სამდივნოს საშუალებით წარუდგენს შემდეგი სახის ინფორმაციას:

 (a) მონრეალის ოქმით არარეგულირებული სათბურის ყველა გაზის წყაროებიდან ანთროპოგენური გამონაბოლქვებისა და მშთანთქმელებით აბსორბციის ეროვნულ ინვენტარიზაციას  იმდენად, რამდენადაც იძლევა ამის საშუალებას მათი შესაძლებლობები;
 (b) იმ ღონისძიებათა ზოგად აღწერას, რომლებიც მიღებულია ან გათვალისწინებულია მხარეების მიერ კონვენციის განსახორციელებლად; 
 (c) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც მხარე თვლის კონვენციის მიზნის მიღწევისადმი მიკუთვნებულად და თავის შეტყობინაბში ჩართვის ღირსად, მათ შორის თუკი ეს      შესაძლებელია მასალებს გამონაბოლქვთა გლობალური ტენდენციების გაანგარიშების შესახებ.

 კონვენციის მუხლ 12-ის პუნქტ 5-ის თანახმად "ყოველი მხარე, რომელიც არ არის ჩართული დანართ I-ში, წარმოადგენს თავის პირველ შეტყობინებას ამ მხარისათვის კონვენციის ძალაში  შესვლიდან სამი წლის ვადაში, ან მუხლი 4-ის პუნქტ 3-ის თანახმად ფინანსური რესურსების გაჩენის მომენტიდან". 
 კონვენციის მუხლ 4-ის პუნქტ 3-ის მიხედვით კი "მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ განვითარებულ ქვეყნებს და სხვა, დანართ II-ში ჩართული, განვითარებულ ქვეყნებს  მიკუთვნებული მხარეები, გაიღებენ ახალ და დამატებით ფინანსურ რესურსებს განვითარებადი ქვეყნების წარმომდგენ მხარეთა მიერ მუხლ 12-ის პუნქტ 1-ის თანახმად თავიანთ  ვალდებულებათა შესრულებით გამოწვეულ ყველა წინასწარ შეთანხმებული დანახარჯების დასაფარავად".
    

    1996 წელს მხარეთა კონფერენციამ თავის მე-2 სესიაზე (COP2) 10/CP.2 გადაწყვეტილებით დაამტკიცა კონვენციის დანართ I-ში არჩართული ქვეყნებისათვის სახელმძღვანელო  მითითებები პირველი ეროვნული შეტყობინებების მოსამზადებლად. 2002 წელს COP9-მ მიიღო ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მომზადდა საქართველოს  მეორე ეროვნული შეტყობინება და მომზადდება მესამე ეროვნული შეტყობინება.


   1997 წლიდან საქართველომ დაიწყო კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ ქვეყნის პირველი ეროვნული შეტყობინების მომზადება, რომელიც წარდგენილ იქნა მხარეთა  კონფერენციაზე 1999 წელს. პირველი ეროვნული შეტყობინების მომზადების პროცესში გამოიკვეთა რიგი პროექტებისა, რომლებიც განხორციელდა 2000-2011 წლებში. 
  

 2006-2009 წლებში საქართველომ მოამზადა ქვეყნის მეორე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ. კონვენციის სამდივნოს დოკუმენტი წარედგინა  2009 წლის 2 ოქტომბერს, მისი პრეზენტაცია კი მოხდა მხარეთა მე-15 კონფერენციაზე, კოპენჰაგენში. პირველი ეროვნული შეტყობინებისაგან განსხვავებით მეორე შეტყობინებაში  აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების მიმართ სხვადასხვა სისტემებისა და ეკონომიკის დარგების მოწყვლადობის შეფასებაზე და საადაპტაციო პროექტების და სტრატეგიების  შემუშავებაზე. მომზადდა რამდენიმე საპროექტო წინადადება, რომელთაგან ერთმა უკვე ჰპოვა გაგრძელება: გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების  ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციამ დედოფლისწყაროს რაიონში განახორციელა პროექტი " დეგრადირებული  ლანდშაფტების კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი აღდგენა საქართველოში". ეროვნული შეტყობინების ფარგლებში ასევე მომზადდა კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგია,  რომლის ნაწილია ენერგეტიკის სექტორში სათბურის გაზების შემცირების სტრატეგია ჩვეულებრივი ბიზნესის სცენართან შედარებით.

 2012 წლიდან დაიწყო მესამე ეროვნული შეტყობინების მომზადება. გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და გაეროს მუდმივ კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმს  მაკგოლდრიკმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს პროექტის დოკუმენტს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კლიმატის ცვლილების პროცესის შეფასება, ჩატარდა სათბურის  გაზების ემისიების ინვენტარიზაცია, შემუშავდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებები, მომზადდა საპროექტო წინადადებები  და კონცეფციები ინვესტორებთან წარსადგენად. დოკუმენტში ქვეყანამ პირველად  შეაფასა კლიმატის ცვლილების შესაძლო გავლენა კულტურულ მემკვიდრეობაზე და ისტორიულ  ძეგლებზე. პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდა.

 

 საქართველოს პირველი ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაზე ( ქრთულ ენაზე - pdf ) 

 საქართველოს პირველი ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაზე ( ინგლისურ ენაზე - pdf ) 

 საქართველოს  მეორე ეროვნული შეტყობინება  ( ქართულ ენაზე - pdf ) 

 საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინება ( ინგლისურ ენაზე - pdf ) 

 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ 

 საქართველოს მესამე  ეროვნული შეტყობინება ( ქართულ ენაზე - pdf ) 

 საქართველოს მესამე  ეროვნული  შეტყობინება ( ინგლისურე ენაზე - pdf ) 

 

 

 

 

 

პარტნიორები