საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

შერბილება (მიტიგაცია)

 

კლიმატის ცვლილების შერბილება

 

კლიმატის ცვლილების მიზეზს წარმოადგენს ატმოსფეროში უშუალოდ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა.
სათბურის გაზები ბლოკავენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის გაბნევას. სათბურის მთავარი გაზებია ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი.
ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ბუნებრივადაც არსებობს, მაგრამ ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის წვის შედეგად ამ "წიაღისეულ საწვავში'' დაგროვილი ნახშირბადი დიდი რაოდენობით თავისუფლდება. ტყის განადგურებაც იწვევს ხეებში აკუმულირებული ნახშირბადის გამონთავისუფლებას.
მეთანის - ძლიერი სათბურის გაზის ძირითად ,,ახალ'' წყაროს წარმოადგენს ბრინჯის დატბორილი მინდვრებისა და მსხვილფეხა საქონლის ჯოგების ზრდა. თავისი წვლილი შეაქვს ნაგვის გროვებიდან გამოყოფილ, ასევე ნახშირის საბადოებიდან და ბუნებრივი გაზის წარმოებიდან გამონაჟონ მეთანს.
ზემოთქმულიდან ნათელია, რომ კლიმატის ცვლილების შერბილება პირველყოვლისა შესაძლებელია სათბურის გაზების ემისიების შეზღუდვით და ამ გაზების მშთანმთქმელთა გაძლიერებით.
საქართველომ, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან მიერთებულმა ქვეყანამ, ივალდებულა ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც შეზღუდავდა სათბურის გაზების ემისიას და გააძლიერებდა ამ გაზების მშთანმთქმელებს.

 

ენერგეტიკა


ძირითადი სექტორი, რომელშიც ხდება სათბურის გაზების ემისია არის ენერგეტიკა. ენერგეტიკაში სათბურის გაზების ემისიის შემცირების შესაძლო გზებია:
• წიაღისეული საწვავის ენერგიის ეფექტური გარდაქმნა სასარგებლო ენერგიად; 
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ენერგოეფექტურობის გაზრდა;
• ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე წიაღისეული საწვავის გამოყენება, კერძოდ ნახშირიდან მაზუთზე ან ბუნებრივ გაზზე და მაზუთიდან ბუნებრივ გაზზე გადასვლა. ბუნებრივი გაზის წვის შედეგად მიღებული თბური ენერგიის ერთეულზე გამოყოფილი სათბურის გაზების რაოდენობა 15,3კგC/გჯ ნაკლებია ანალოგიურ მაჩვენებელზე მაზუთისათვის 21,1 კგC/გჯ და ნახშირისათვის 25,8კგC/გჯ; 
• ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება; და სხვ.
საქართველოში კარგად არის შესწავლილი და შეფასებული განახლებადი ენერგორესურსები, მათი გეოგრაფია, სეზონურობა, სტაბილურობა და სხვა მახასიათებლები. საქართველო თავისი ჰიდრორესურსებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. დღეს ათვისებულია ამ რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი.
საკმაოდ პერსპექტიულია ბიომასის ენერგიის გამოყენება, რადგან ბიომასის განახლების პროცესი უწყვეტია - ბიომასის ენერგიად გარდაქმნისას გამოყოფილი CO2 ხელახლა ჩაიჭირება ბიომასის მიერ ფოტოსინთეზის წყალობით. საქართველოში ამ მიმართულების განვითარება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შესძლებს იგი კონკურენცია გაუწიოს მიწათსარგებლობის სხვა სახეებს. 
ქვეყანა მდიდარია გეოთერმული წყლებით, რომელთა ენერგიის გამოყენება დღეს ხდება მცირე მასშტაბებში. შექმნილია მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელება უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.
ქარისა და მზის ენერგიის მარაგები კარგად არის შესწავლილი, თუმცა პრაქტიკულად მათი ათვისება ჯერ არ დაწყებულა.

 

მრეწველობა


საქართველოს მრეწველობის სექტორიდან ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისია ძირითადად ხდება ცემენტის, თუჯისა და ფოლადის, ამიაკისა და აზოტმჟავას წარმოების დროს. ემისიების შემცირება შეიძლება საწარმოო პროცესების მოდიფიკაციით, ნედლეულის შეცვლითა და სათბურის გაზების ინტენსიურად წარმომქმნელ მასალათა მოხმარების შეზღუდვით. მაგალითად რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნებში შეიძლება წარმოების "სველი" მეთოდიდან "ნახევრად მშრალ" მეთოდზე გადასვლა ან დანამატების გაზრდით კლინკერის წილის შემცირება; რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანაში შესაძლებელია აზოტმჟავას წარმოებისას გამოყოფილი აზოტის ქვეჟანგის კატალიზური დაშლა და სხვ.

 

ტრანსპორტი


ამჟამად საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის წილად მოდის სათბურის გაზების ემისიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ემისიების შემცირება შესაძლებელია ქვეყანაში ენერგოეფექტური საავტომობილო პარკის (ეკონომიურ ძრავიანი, შემსუბუქებულ წონიანი ავტომობილები, რომელთა კონსტრუქცია უზრუნველყოფს ჰაერის მცირე წინააღმდეგობას კომფორტის შენარჩუნებით) განვითარებით, გზების საფარის გაუმჯობესებით, მოძრაობის რეჟიმის ოპტიმიზაციით და ცხოვრების წესის შეცვლით (მაგალითად, გადადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უეიმისიო ტრანსპორტით - ველოსიპედით), რაც საკმაოდ პრობლემატურია, გამომდინარე ძირითადად მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან..

 

საბინაო/სავაჭრო სექტორი


ამ სექტორში სათბურის გაზების შემცირების დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის რეალიზაციის ეფექტური ტექნიკური ღონისძიებებია შენობების სტრუქტურის გაუმჯობესებით სით¬ბოს დანაკარგების შემცირება, ჰაერის კონდიციონირების, წყლით მომარაგების, განათებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობების ეფექტური სისტემების დანერგვა, ზაფ¬ხულში ქალაქის რაიონებში ჰაერის ტემპერატურის დაწევა დამატებითი მწვანე მასივების გაშენებითა და შენობების სახურავების არეკვლისუნარიანობის გაზრდით, რაც შეამცირებს ჰაერის კონდიციონირებაზე ენერგიის დანახარჯებს, სათბურის გაზების შემცირება ახალი ენერგიის წყაროთა დანერგვით, მაგალითად შენობებში მზის ბატარეების გამოყენებით და სხვ. ენერგიის დაზოგვის აპრობირებული მეთოდია ენერგოდამზოგავი ელექტროტექნიკის დანერგვა.

 

სოფლის მეურნეობა, საძოვრები და სატყეო მეურნეობა


დღეს უკვე ცნობილია, თუ რა რაოდენობის ნახშირბადია იზოლირებული ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობის პირობებში ფართობის ერთეულზე არსებულ ცოცხალ ბიომასაში.
ნახშირბადის მშთანმთქმელთა გააქტიურებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეას¬რულოს სატყეო მეურნეობის, სოფლის მეურნეობისა და საძოვრების ოპტიმალურმა მართვამ. სატყეო მეურნეობის სექტორში ნიადაგსა და ბიომასაში ნახშირბადის იზოლირებასა და შენა¬ხვაზე დანახარჯებმა შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ემისიის შემცირების სხვა ვარიანტებს. 
მიწათსარგებლობის მართვის ძირითადი ღონისძიებებია ტყის არსებული საფარის შენარჩუნება, ტყის გაჩეხვის პროცესის შენელება, ბუნებრივი ტყეების რეგენერაცია, ხეთა პლანტაციების ჩაყრა-გაშენება, აგრომელიორაციისათვის ხელშეწყობა: სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების მართვის გაუმჯობესება, სასუქების გამოყენების ეფექტურობის გაზრდა, დეგრადრებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების აღდგენა, შენახული სასუქიდან გამოყოფილი მეთანის შეგროვება და გამოყენება, მცოხნავ ცხოველთა კვების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ.
სათბურის გაზების ემისიის შემცირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკის განვითარება. ქვეყნის ეკონომიკაში პრიორიტეტულად უნდა ჩაითვალოს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარება და ენერგიის მიღება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგიის განახლებადი წყაროებიდან.

 

 

საქართველოს განახლებადი ენერგორესურსები და კლიმატის ცვლილება (pdf)

 

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ  (pdf) 

ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებების შესახებ (pdf) 

ელექტროავტომობილების როლი კლიმატის ცვლილების პრობლემის დაძლევაში (pdf) 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები