საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კლიმატის ცვლილების კონვენცია

სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა (მოყოლებული მე-18 საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც დაიწყო ე.წ. "სამრეწველო რევოლუცია") განაპირობა დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საარსებო პირობების მკვეთრი გაუმჯობესება. ამ პროცესმა, ბიოლოგიასა და მედიცინაში რევოლუციური ხასიათის აღმოჩენებთან ერთად ხელი შეუწყო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასა და მოსახლეობის სწრაფ მატებას. ადამიანმა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება დაიწყო, რამაც უზარმაზარი მასშტაბები მიიღო (განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში). 


მსოფლიო აღმოჩნდა საშიშროების წინაშე, რომ გარემოსადმი გაუაზრებელი, მომხმარებლური დამოკიდებულება გამოიწვევდა შეუქცევად პროცესებს, რაც მომავალ თაობებს გაურთულებდა არსებობას. ამის თავიდან ასაცილებლად კაცობრიობამ სამოქმედოდ დაისახა ე.წ. "მდგრადი განვითარების" პრინციპი.
"მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და საფრთხის ქვეშ არ აყენებს მომავალი თაობების უნარს - დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნები" ("Sustainable development is such development that meets the current demands and does not run future generation risk to meet their own demands"). (citatis wyaro: "Our Common Future" - Report of the World Commission on Enviro¬n¬ment and Development - The Brundtland Report, 1987).


1992 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ კონფერენციაზე ("რიოს სამიტი") "გარემო და განვითარება" საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშავა და მიიღო მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა "დღის წესიგი 21". ამ დოკუმენტმა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ერთიან პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქცია. "დღის წესრიგი 21" შეიცავს 2500-ზე მეტ რეკომენდაციას, თუ რა გზით შევზღუდოთ ბუნებრივი რესურსების უყაირათო მოხმარება, როგორ დავიცვათ ატმოსფერო, ოკეანე და ბიომრავალფეროვნება, როგორ დავძლიოთ სიღარიბე და სხვ.


რიო დე ჟანეიროში მიღებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, რომლის საფუძველიც გახდა მეცნიერთა დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ გლობალური დათბობით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მომავალში სერიოზული საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას. თუმცა დღესაც აშკარაა კლიმატის რყევადობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტორის - "ექსტრემალური მოვლენების" გააქტურება, კერძოდ, მათი სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. 


კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას. ასეთი დონე მიღწეულ უნდა იქნას კლიმატის ცვვლილებასთან ეკოსისტემების ბუნებრივი ადაპტაციისათვის საკმარის ვადებში, რაც იძლევა იმის საშუალებას არ დავაყენოთ საფრთხის წინაშე სურსათის წარმოება და უზრუნველყოფს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას მდგრად საფუძველზე (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-3 მუხლი).
კონვენციის უმაღლესი ორგანოა მხარეთა კონფერენცია, რომლის სხდომები იმართება ყოველი წლის ბოლოს. 
საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა 1994 წელს. 
კონვენციამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

 

  • "სიფრთხილის პრინციპი", რომელიც აცხადებს, რომ სრული სამეცნიერო რწმენის არქონა ვერ გაამართლებს ქმედებების გადავადებას, რადგან არსებობს სერიოზული და შეუქცევადი ზიანის საფრთხე;
  • "მხარეთა საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპი", რომელიც კლიმატის ცვლილების დაძლევაში ლიდერობას განვითარებულ ქვეყნებს აკისრებს;

მას შემდეგ რაც 2011 წელს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი გახდა ანდორა, გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან კონვენციის მხარეა გაეროს წევრი 192 ქვეყანა (ყველა, გარდა ახლად წარმოქმნილი სამხრეთ სუდანისა, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 2011 წლის 9 ივლისს). 
2012 წლის მდგომარეობით კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეა 194 ქვეყანა და ერთი რეგიონული ორგანიზაცია (ევროკავშირი). კონვენციის მხარე ქვეყნები კუკის კუნძულები და ნიუიე არ არიან გაეროს წევრი ქვეყნები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია​  (ქართულ ენაზე pdf) 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცის კლიმატის ცვლილების ჩარჩო  კონვენცია (ინგლისურ ენაზე pdf) 

კონვენციის მხარეები (pdf)

კონვენციის ჯგუფები (pdf) 

კონვენციის ორგანოები (pdf) 

საინფორმაციო ცნობარი ,,კლიმატის ცვლილება" (pdf) 

 

 

 

 

პარტნიორები