საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

კიოტოს ოქმი

კიოტოს ოქმი მიღებული იქნა იაპონიის ქალაქ კიოტოში 1997 წლის 11 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს. ოქმის განხორციელების დეტალური წესები მიღებულ იქნა 2001 წელს მაროკოში კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის მე-7 სესიაზე და ცნობილია "მარაკეშის შეთანხმებების" სახელით.

კიოტოს ოქმი წარმოადგენს კლიმატის ცვლილების კონვენციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. კიოტოს ოქმის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ოქმი ადგენს ინდუსტრიალიზებული ქვეყნებისათვის სათბურის გაზების შემცირების სავალდებულო მიზნებს. ეს გამოიხატება 2008-2012 წლების პერიოდისათვის ემისიების საშუალოდ 5%-ით შემცირებით 1990 წლის მიმართ.

კიოტოს ოქმის უმაღლესი ორგანოა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია, რომელიც მოქმედებს როგორც კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომა.

კიოტოს ოქმი ემისიების გლობალური შემცირებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამომავლო საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის არსებით სტრუქტურას.

იმის აღიარებით, რომ სათბურის გაზების არსებულ მაღალ დონეებზე ბოლო 150 წლიანი აქტიური სამრეწველო საქმიანობის შედეგად ძირითადად პასუხისმგებლები არიან განვითარებული ქვეყნები, ოქმი განვითარებულ ერებს აკისრებს ვალდებულებებს "საერთო მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპიდან" გამომდინარე.

2012 წელს - კიოტოს ოქმის ვალდებულებათა პირველი პერიოდის ბოლოსთვის, ახალი საერთაშორისო შეთანხმებაა საჭირო, რომელიც ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ მოთხოვნებს დააყენებს.

კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომის მე-7 სესიაზე (ჩატარდა კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიის ფარგლებში) გადაწყდა, რომ კიოტოს ოქმის ვალდებულებათა მეორე პერიოდი დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან. ეს პერიოდი უნდა დამთავრდეს 2017 წლის 31 დეკემბერს ან 2020 წლის 31 დეკემბერს, იმისდა მიხედვით თუ როგორ გადაწყვეტილებას შეიმუშავებს კიოტოს ოქმის მიმართ დანართ 1-ის მხარეების შემდგომ ვალდებულებათა შესახებ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი თავის მე-17 სესიაზე 2012 წლის მაისში და დაამტკიცებს კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომა თავის მე-8 სესიაზე 2012 წლის დეკემბერში.

დანართ 1-ის მხარეებმა უნდა წარადგინონ განსახილველად სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-17 სესიაზე კიოტოს ოქმის ვალდებულებათა მეორე პერიოდისათვის თავიანთი ემისიების შეზღუდვისა და შემცირების რაოდენობრივი ვალდებულებები, ჯგუფმა კი უნდა მიაწოდოს მუშაობის შედეგები კიოტოს ოქმის მხარეთა მე-8 სესიას ამ ვალდებულებების დასამტკიცებლად კიოტოს ოქმის დანართ B-ს სახით.

 

 

  შემოთავაზებული შესწორება კიოტოს ოქმის B დანართში

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

კიოტოს ოქმი (ქართულ ენაზე- pdf) 

კიოტოს ოქმი (ინგლისურ ენაზე-pdf) 

www.unfccc.int

 

 

 

 

 

პარტნიორები