საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

დურბანის გადაწყვეტილებები


2011 წლის 28 ნოემბერიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ დურბანში, სამხრეთ აფრიკა, გაიმართა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, რომლის ფარგლებში ჩატარდა:
- გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის უმაღლესი ორგანოს - მხარეთა კონფერენციის [Conference of Parties (COP)] მე-17 სესია (COP 17) ;
- მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომა [Conference of the Parties serving as the Meeting of the Parties to the Kyoto Protocol (CMP)] მე-7 სესია (CMP 7);
- "დანართ 1-ში ჩართულ მხარეთა მიერ კიოტოს ოქმით შემდგომი ვალდებულებების სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Further Commitments for Annex I Parties under the Kyoto Protocol (AWG KP)] და "კონვენციის მიმართ გრძელვადიანი ერთობლივი ქმედების სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Long-term Cooperative Action under the Convention (AWG LCA)] სესიები;
- "განხორციელების დამხმარე ორგანოსა" [Subsidiary Body for Implementation (SBI)] და "სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებში მრჩეველი დამხმარე ორგანოს" [Subsidiary Body for Scientific and Technological Advice (SBSTA)] 35-ე სესიები.


კონფერენციაზე მიღებულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები:

 

  • მხარეთა კონფერენციამ მოახდინა მწვანე კლიმატის ფონდის ფორმირება;
  • კიოტოს ოქმის საგანგებო სამუშაო ჯგუფმა კიოტოს ოქმის მოქმედების ვადა გააგრძელა 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე (ან 2020 წლის 31 დეკემბრამდე), ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შემუშავდეს ახალი სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი 2015 წლისათვის, რომელიც ამოქმედდება 2020 წლიდან;
  • მხარეთა კონფერენციის გრძელვადიანი ერთობლივი ქმედებების სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილებები შემდეგ ორგანოებთან მიმართებაში:

 

საადაპტაციო კომიტეტი
მუდმივმოქმედი კომიტეტი



მთელი წლის განმავლობაში, მხარეთა მე-17 კონფერენციამდე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ აქტიურად იმუშავა აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფისთვის მხარეთა კონფერენციის მიერ ფორმირებულ ორგანოებში ადგილის მოსაპოვებლად. ეს გულისხმობდა, როგორც მხარეთა შორის წინასწარ მოლაპარაკებას და ერთიანი პოზიციის შემუშავებას, ასევე უშუალოდ მხარეთა მე-17 კონფერენციაზე ამ პოზიციის დაფიქსირებას. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ ორგანოებში აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფისთვის ადგილების გამოყოფის თაობაზე. ამ ადგილებზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარადგინოს თავისი კანდიდატურები.
ქვემოთ წარმოდგენილია ამ ორგანოების საქმიანობის მოკლე აღწერა და მათი ფორმირების წესი.
მწვანე კლიმატის ფონდის მიზანია, უზრუნველყოს განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარება სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების გავლენისადმი საადაპტაციო ღონისძიებების დაფინანსებაში. ფონდი შეასრულებს გადამწყვეტ როლს დამატებითი და ადეკვატური ფინანსური რესურსების მოძიებაში განვითარებადი ქვეყნებისთვის, აგრეთვე შეასრულებს კატალიზატორის როლს კლიმატთან დაკავშირებულ დაფინანსებაში.
მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 24 ადგილით, რომელიც თანაბრად ნაწილდება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. წარმომადგენლობა განვითარებადი ქვეყანებიდან მოიცავს რეგიონული ჯგუფების, მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისა და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებს. კანკუნში მიღებული გადაწყვეტილებები არათანაბარ პირობებში აყენებდა კონვენციის მხარე ქვეყნებს, კერძოდ "კანკუნის შეთანხმებებით" განსაზღვრული მწვანე კლიმატის ფონდის, ადაპტაციის კომიტეტის, მუდმივმოქმედი კომიტეტისა და ტექნოლოგიების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელ ორგანოებში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფში შემავალი დანართ 1-ში არჩართული ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა გამორიცხული იყო. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად საქართველომ შეიმუშავა სპეციალური პოზიცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაეგზავნა შესათანხმებლად ჯგუფის სხვა წევრ ქვეყნებს. 2011 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა პარტნიორ ქვეყნებთან (ევროკავშირი, აშშ, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.), რათა ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილიყო კონფერენციის მხარეთა შეხვედრაზე. ქ. დურბანში საქართველოს დელეგაციის აქტიურობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფონდის საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფში შემავალი დანართ 1-ში არჩართული ქვეყნების ჩართვის შესახებ. შედეგად, საქართველო იქნება ნომინირებული ჯგუფის გადაწყვეტილებით მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. 
 

ადაპტაციის კომიტეტი უზრუნველყოფს კონვენციის ფარგლებში საადაპტაციო ღონისძიებების კონტროლს, ახორციელებს მათ ანალიზს და ახდენს მათ შეფასებას. აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფმა, რომელშიც შედის საქართველო, მოიპოვა ორი ადგილი ადაპტაციის კომიტეტის 16 კაციან შემადგენლობაში. საქართველო იქნება ნომინირებული ჯგუფის გადაწყვეტილებით ადაპტაციის კომიტეტის წევრად. 
 

მუდმივმოქმედი კომიტეტი დაეხმარება მხარეთა კონფერენციას კონვენციის ფინანსური მექანიზმის ფუნქციონირებაში, იმ კუთხით, რომ გააძლიერებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული მექანიზმით ფინანსური რესურსების მობილიზაციას და განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ანგარიშების წარდგენას, შემდეგი ქმედებებით: 
ფორუმების ორგანიზება ორგანოთა შორის ინფორმაციის გაცვლისთვის, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების დაფინანსებასთან, კონვენციის დამხმარე ორგანოებთან კავშირების შენარჩუნება, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება მხარეთა კონფერენციისთვის კონვენციის ფინანსურ მექანიზმთან დაკავშირებით, ამ პრინციპების დახვეწა მხარეთა წარდგინებების გათვალისწინებით, ფინანსური მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა, ორ წელიწადში ერთხელ ფინანსური დახმარების შესახებ ანგარიშების წარდგენა და სხვა.
მუდმივმოქმედი კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრა იმგვარად, რომ ორი ადგილი რჩება დანართ 1-ში არ შესული სხვა ქვეყნებისათვის, რომელთა შორის საქართველოც მოიაზრება. საქართველო იქნება ნომინირებული ჯგუფის გადაწყვეტილებით მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად. 
გარდა ზემოჩამოთვლილისა, მხარეთა მე-17 კონფერენციაზე მიღებულ იქნა ეროვნული ადაპტაციის გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შემცირება საადაპტაციო ღონისძიებების გატარებით. 
ეროვნული საადაპტაციო გეგმების მიღების მიზანს წარმოადგენს კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ქმედებების ინტეგრირების შეფასება არსებულ და ახლად შემუშავებულ სტრატეგიაში, პროგრამებსა და ღონისძიებებიში. 
აქვე აღსანიშნავია მხარეთა კონფერენციის გრძელვადიანი ერთობლივი ქმედებების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს განვითარებად ქვეყნებს მოამზადონ სათბურის გაზების ინვენტარიზაციისა და შერბილების ღონისძიებების შესახებ ანგარიში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ანგარიშის მომზადების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გლობალური გარემოს დაცვის ფონდი. 
განვითარებული ქვეყნების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიდან კი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც მათ აიღეს განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში. კერძოდ, ისინი მოახდენენ 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ყოველწლიურად 2020 წლამდე. აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება განვითარებადი ქვეყნების კლიმატის ცვილებისადმი შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების დასაფინანსებლად.

 

კანკუნის შეთანხმებები


2010 წლის 29 ნომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მექსიკის ქალაქ კანკუნში გაიმართა გაეროს კლიმატის ცვლილების მე-16 კონფერენცია, რომლის ფარგლებში ჩატარდა:
- გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის უმაღლესი ორგანოს - მხარეთა კონფერენციის [Conference of Parties (COP)] მე-16 სესია (COP 16) ;
- მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომა [Conference of the Parties serving as the Meeting of the Parties (CMP)] მე-6 სესია (CMP 6);
- "დანართ 1-ში ჩართულ მხარეთა მიერ კიოტოს ოქმით შემდგომი ვალდებულებების სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Further Commitments for Annex I Parties under the Kyoto Protocol (AWG KP)] მე-15 სესია (AWG KP 15);
- "კონვენციით გრძელვადიანი ერთობლივი ქმედების სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Long-term Cooperative Action under the Convention (AWG LCA)] მე-13 სესია (AWG LCA 13);
- "განხორციელების დამხმარე ორგანოსა" [Subsidiary Body for Implementation (SBI)] და "სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებში მრჩეველი დამხმარე ორგანოს" [Subsidiary Body for Scientific and Technological Advice (SBSTA)] 33-ე სესიები
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კონვენციის 194 მხარე-ქვეყნის დელეგაციამ, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ. "მაღალი დონის სეგმენტამდე" (High Level Segment) საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე. 
2009 წელს კოპენჰაგენში გამართულ კლიმატის ცვლილების მე-15 კონფერენციაზე საქართველოს ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც კანკუნში პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კოპენჰაგენში ვერ იქნა მიღწეული კანონით სავალდებულო (Legally binding) შეთანხმება და კანკუნის შეხვედრის წინ მხარეთა უდიდესმა უმრავლესობამ პრაქტიკულად არ შეცვალა საკითხისადმი დამოკიდებულება. კოპენჰაგენში მიღებული დოკუმენტი "კოპენჰაგენის შეთანხმება" (Copenhagen Accord) არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. კოპენჰაგენის შეთანხმების ძირითადი პრინციპები აისახა კანკუნში მიღებულ გადაწყვეტილებებში რომელსაც კანონიერი ძალა ექნება. 
"კონვენციის მიმართ გრძელვადიანი ერთობლივი ქმედების თაობაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის" მუშაობის შედეგები აისახა გადაწყვეტილების პროექტში, რომელშიც გაშუქდა ადაპტაციის, შერბილების, ტყეების და სხვა საკითხები. 
გადაწყდა შექმნილიყო მწვანე კლიმატის ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას თემატური დაფინანსებით. ასევე გადაწყდა, რომ მწვანე კლიმატის ფონდის სტრუქტურას შეიმუშავებს გარდამავალი კომიტეტი, რომელიც იმუშავებს და შედეგებს წარუდგენს მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას.
ასევე გადაწყდა შექმნილიყო ტექნოლოგიების მექანიზმი. ახლად შექმნილმა მექანიზმმა ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემას განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებათა მხარდასაჭერად. 
კანკუნში მიღებული "ადაპტაციის ჩარჩო სტრუქტურის" (Cancun Adaptation Framework) მიზანია გააძლიეროს კონვენციის ფარგლებში საადაპტაციო ქმედებები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობითა და ადაპტაციასთან დაკავშირებული საკითხების კოჰერენტული (ლოგიკურად თანამიმდევრული) განხილვებით. ადაპტაციისაკენ მიმართული არსებითად გაძლიერებული ქმედებებით განვითარებად ქვეყანა-მხარეებში მიიღწევა მოწყვლადობის შემცირება და მდგრადობის უზრუნველყოფა, იმ განვითარებადი ქვეყნების სასწრაფო და გადაუდებელი საჭიროების მხედველობაში მიღებით, რომლებიც განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან. 
"მაღალი დონის სეგმენტი" საზეიმოდ გაიხსნა 7 დეკემბერს. ამის შემდეგ განცხადებები გააკეთეს სახელმწიფოთა მეთაურებმა და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებმა. "მაღალი დონის სეგმენტის" მუშაობა გაგრძელდა 8 და 9 დეკემბერს და დასრულდა 10 დეკემბერს გადაწყვეტილებების მიღებით. 
8 დეკემბერს "მაღალი დონის სეგმენტზე" სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კონფერენციის მასპინძელი სახელმწიფოს (მექსიკის) პატივისცემის ნიშნად ესპანურად მიმართა საზოგადოებას. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლიდან მნიშვნელოვანია განცხადება, რომ "ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც მიგვიყვანს უფრო სუფთა ტრანსპორტის დანერგვამდე. საჯარო ინსტიტუტები, ამ შემთხვევაში, მაგალითი გახდება, რადგან საქართველოს მთავრობა ტრადიციულ მანქანებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს".
საქართველოს პრეზიდენტმა კანკუნის გზატკეცილზე თავად გამოსცადა ნისანის მარკის ელექტროავტომობილი Nissan Leaf.

კოპენჰაგენის შეთანხმების (აკორდის) შესახებ


2009 წლის 29 ნომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა გაეროს კლიმატის ცვლილების მე-15 კონფერენცია, რომლის ფარგლებში ჩატარდა:
- გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის უმაღლესი ორგანოს - მხარეთა კონფერენციის [Conference of Parties (COP)] მე-15 სესია (COP 15) ;
- მხარეთა კონფერენციის, მოქმედი როგორც კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომა [Conference of the Parties serving as the Meeting of the Parties to the Kyoto Protocol (CMP)] მე-5 სესია (CMP 5);
- "დანართ 1-ში ჩართულ მხარეთა მიერ კიოტოს ოქმით შემდგომი ვალდებულებების თაობაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Further Commitments for Annex I Parties under the Kyoto Protocol (AWG KP)] მე-10 სესია (AWG KP 10);
- "კონვენციის მიმართ გრძელვადიანი ერთობლივი ქმედების თაობაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის" [Ad Hoc Working Group on Long-term Cooperative Action under the Convention (AWG LCA)] მე-8 სესია (AWG LCA 8);
- "განხორციელების დამხმარე ორგანოსა" და "სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებში მრჩეველი დამხმარე ორგანოს" 31-ე სესიები [Subsidiary Body for Implementation (SBI 31) and Subsidiary Body for Scientific and Technological Advice (SBSTA 31)].
კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე განვითარებულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ 2020 წლისათვის სათბურის ემისიების შემცირების ახალი, უფრო მკაცრი ვალდებულებები. კოპენჰაგენში ასევე უნდა გარკვეულიყო კონვენციის მხარე-ქვეყნების ერთობლივი გრძელვადიანი ქმედებების ფორმა და მექანიზმები.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე და შეეცადა შეემუშავებინა სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად სასარგებლო (მისაღები) პოზიცია, რათა ქვეყნის ეკონომიკა მომზადებული შეხვდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეს.
კოპენჰაგენის კონფერენციაზე საქართველოს პოზიციის (პროექტის) შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა შესაძლო ვარიანტი და მათგან შეირჩა სახელმწიფოსათვის ყველაზე მისაღები. 
საქართველოს პოზიციის ძირითადი ელემენტები იყო:
- საქართველო არ აიღებდა სათბურის გაზების ემისიების რაოდენობრივი შემცირების დაკანონებულ ვალდებულებას;
- საქართველო შეეცდებოდა სათბურის გაზების ემისიები შეეზღუდა "დაბალნახშირბადიანი" ეკონომიკის განვითარებით და გამოეყენებინა ამ მიზნით კონვენციით განსაზღვრული მექანიზმები, რომლებიც თავის მხრივ ითვალისწინებენ განვითარებული ქვეყნების მხრიდან ტექნოლოგიებითა და ფინანსებით ეფექტურ და ფართომასშტაბიან მხარდაჭერას;
- ქვეყნისათვის მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების მიმართ ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის დარგების ადაპტაცია, რისთვისაც მოზიდული იქნებოდა ფინანსები შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ფონდებიდან.
კოპენჰაგენში მიღებულ იქნა დოკუმენტი "კოპენჰაგენის შეთანხმება" (Copenhagen Accord), რომელიც არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. კონვენციის მხარე ქვეყანა, სურვილის შემთხვევაში, "კოპენჰაგენის შეთანხმებას" უნდა მიერთებოდა 2010 წლის 31 იანვრამდე (ბოლო ვადა არ იყო მკაცრად სავალდებულო). საქართველო შეთანხმებას მიუერთდა 2010 წლის 1 თებერვალს და წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტი დამატება II-ის (Appendix II to the Copenhagen Accord) სახით.

 

 

საქართველოს პოზიცია გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP15) წინ

კოპენჰაგენის შეთანხმების ტექსტი  (ქართულ ენაზე- pdf) 

კოპენჰაგენის შეთანხმების ტექსტი  (ინგლისურ ენაზე - pdf)

დამატება II ( საქართველოს შერბილების ქმედებები - pdf ) 

 

 

 

 

 

 

 

პარტნიორები