საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ადაპტაცია

კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის შესახებ 

 

სათბურის გაზების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პარალელურად კლიმატის ცვლილების კონვენცია ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მუშაობასაც. ეს გულისხმობს შეცვლილი გარემო პირობებისადმი ბუნებრივი სისტემების ადაპტირების უნარის გაძლიერებას - კლიმატის ცვლილების მავნე შედეგების ნეიტრალიზებისათვის ღონისძიებების გატარებას .

კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედება იმდენად მრავალმხრივი და ზოგჯერ იმდენად მკვეთრია, რომ ბუნებრივი ადაპტირების უნარი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს დარღვეული წონასწორობის აღდგენად და ესა თუ ის სისტემა (ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური) მოწყვლადი აღმოჩნდეს მოცემული ზემოქმედების მიმართ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კონკრეტული საადაპტაციო ღონისძიებების გატარება, რომელთა შინაარსი და მასშტაბები განისაზღვრება კონკრეტული ქვეყნის და პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე და რომლებიც ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ ან თემის დონეზე. 

ადაპტაციის ცნებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მოწყვლადობის ცნება. ზოგადად, ადაპტაციის აუცილებლობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ესა თუ ის სისტემა (ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური) ამჟღავნებს მგრძნობიარობას გარემო პირობების შეცვლისადმი. ეს მგრძნობიარობა აისახება სისტემის ზოგიერთი ან ყველა პარამეტრის მნიშვნელოვან ცვლილებაში. როგორც წესი, სისტემებს აქვთ ბუნებრივი ადაპტაციის უნარი, რაც გულისხმობს სისტემის პარამეტრების გადაწყობას ისე, რომ აღდგეს დარღვეული წონასწორობა ან ჩამოყალიბდეს ახალი სახის წონასწორობის მდგომარეობა, ისე, რომ სისტემამ არ განიცადოს რღვევა. როდესაც ბუნებრივი ადაპტაციის უნარი არ არის საკმარისი ამ ამოცანის გადასაჭრელად, მაშინ ითვლება, რომ სისტემა მოწყვლადია მოცემული ცვლილებების მიმართ. 

კლიმატის ცვლილების პროცესის სწრაფმა ტემპმა ბოლო ხანებში კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შესძინა ადაპტაციის მიმართულებას კონვენციით გათვალისწინებულ საქმიანობებს შორის. სამეცნიერო-ტექნოლოგიური დამხმარე ორგანოს გადაწყვეტილებით (2/CP.11) შემუშავდა ხუთწლიანი (2005-2010) ე.წ. ნაირობის სამუშაო პროგრამა, რომელიც მიმართული იყო კლიმატის ცვლილების შედეგების, მისადმი მოწყვლადობისა და ადაპტაციის სფეროში ქვეყნების დასახმარებლად. ბალის სამოქმედო გეგმამ (2007) კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადაპტაციის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. 

საადაპტაციო ღონისძიებების განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნებისათვის კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებთან გასამკლავებლად. განვითარებადი ქვეყნები საჭიროებენ საერთაშორისო დახმარებას საადაპტაციო ღონისძიებების გასატარებლად. კონვენცია ავალდებულებს ქვეყნებს მოემზადონ კლიმატის ცვლილებისადმი სათანადო ადაპტაციისათვის (მუხლი 4.1); განახორციელონ საჭირო ღონისძიებები კლიმატის ცვლილების მავნე შედეგებთან დაკავშირებული დაფინანსების, დაზღვევისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით (მუხლი 4.8). ამასთან, განვითარებული ქვეყნები უნდა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს ადაპტაციის ხარჯების დაფარვაში (მუხლი 4.4). ადაპტაციის დაფინანსება ხორციელდება კონვენციის ფინანსური მექანიზმის მეშვეობით, გლობალური გარემოს დაცვის ფონდის დახმარებით. ამ მიმართულებით არსებული ფონდები მოიცავს ტრასტულ ფონდს (კონვენციისადმი ეროვნული შეტყობინებების ფარგლებში მოწყვლადობისა და ადაპტაციის შესაფასებლად); სუსტად განვითარებული ქვეყნების ფონდს და სპეციალურ კლიმატის ცვლილების ფონდს.

 

ადაპტაციის ფონდის შესახებ


2001 წელს მაროკოში მხარეთა კონფერენციის მე-7 სესიაზე "მარაკეშის შეთანხმების" 10/СP.7 გადაწყვეტილებით გადაწყდა დაფუძნებულიყო ადაპტაციის ფონდი, რომელიც დააფინანსებდა "კიოტოს ოქმის" მხარე განვითარებადი ქვეყნების კონკრეტულ საადაპტაციო პროექტებსა და პროგრამებს. იქვე გადაწყდა, რომ ადაპტაციის ფონდი შეივსებოდა სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტებიდან მიღებული შემოსავლების წილით (2%-ით), ასევე დაფინანსების სხვა წყაროებით. 

2005 წელს ნოემბერს მონრეალში (კანადა) და 2006 წლის დეკემბერს ნაიორობიში (კენია) კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომამ მიიღო გადაყვეტილება ფონდის ასამოქმედებლად კონკრეტული მიდგომების, წესებისა და პირობების გამოყენების შესახებ. 

2007 წლის დეკემბერს ბალიში (ინდონეზია) გადაწყდა, რომ ადაპტაციის ფონდის ხელმძღვანელი ორგანო იქნებოდა ადაპტაციის ფონდის საბჭო. იქვე არჩეული იქნა საბჭოს პირველი შემადგენლობა. 

2009 წლის 24 მარტს ბონში გამართულ კლიმატის ცვლილების კონფერენციის მსვლელობისას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფმა საადაპტაციო ფონდის საბჭოს წევრად წარადგინა, მხარეთა კონფერენციამ კი დაამტკიცა საქართველოს წარმომადგენელი მედეა ინაშვილი, რომლის უფლებამოსილება დურბანში მხარეთა კონეფერენიის გადაწყვეტილებით გაგრძელდა 2012 წლის დეკემბრამდე. 

2010 წლის ივლისში გარემოს დაცვის მონისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე დაინიშნა საქართველოს მხრიდან ადაპტაციის ფონდთან ურთიერთობებზე უფლებამოსილ პირად.

ფონდის წესების მიხედვით ქვეყანამ პროექტი უნდა წარადგინოს დანიშნული ეროვნული განმახორციელებელი ორგანოს (National Implementing Entity - NIE) მეშვეობით. ქვეყანას ასევე შეუძლია ისარგებლოს მულტილატერული განმახორციელებელი ორგანოს მომსახურებით. იმის გამო რომ ეროვნულ განმახორციელებელ ორგანოს ადაპტაციის ფონდი უყენებს მკაცრ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილება ძალზედ რთული იყო და პროცესი დიდხანს გაიჭიმებოდა დროში, სამინისტრომ გადაწყვიტა ესარგებლა გაეროს განვითარების პროგრამის მომსახურებით. 

მომზადდა პროექტის კონცეპცია "წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მდგრადი პრაქტიკის შემუშავება/დანერგვა მოწყვადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში". პროექტის კონცეპცია დამტკიცდა 2010 წლის 14-15 დეკემბერს მექსიკის ქალაქ კანკუნში გამართულ ადაპტაციის ფონდის საბჭოს მე-12 შეხვედრაზე. ადაპტაციის ფონდის საბჭომ დურბანში, სამხრეთ აფრიკა 2011 წლის 12-14 დეკემბერს გამართულ მე-16 შეხვედრაზე დაამტკიცა პროექტი. 

ადაპტაციის ფონდის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ადაპტაციის ფონდის ოფიციალურ გვერდზე www.adaptation-fund.org.

 

საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სისტემების მოწყვლადობა და ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ

 

 

 

პარტნიორები