საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ბიომრავალფეროვნება

 

 

 

 

კულტურულ მცენარეთა ენდემური ჯიშები, მათი ველური მონათესავე სახეობები და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყურძნის, ხილისა და კაკლოვნების, ხორბლის, ქერის, პარკოსნებისა და სელის ადგილობრივი ჯიშები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ კოლექციებშია შემორჩენილი. კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციებიც საფრთხის ქვეშაა, ძირითადად ჰაბიტატების განადგურებისა და ფრაგმენტაციიას, ასევე გადაჭარბებული ძოვებისა და გაუდაბნოების პროცესების გამო.

 

საქართველოში გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა და საკონსერვაციო ქმედებების გატარება ესაჭიროებათ. ასეთი სახეობები შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მათ შორის: მერქნიან მცენარეთა 56, ძუძუმწოვართა 29, ფრინველთა 35, რეპტილიების 11, ამფიბიების 2, თევზების 11 და უხერხემლოების 42 სახეობა.      

 

დღეს, ისე როგორც არასდროს, უდიდესია სახეობების და ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადირების გლობალური საფრთხე. ბიომრავალფეროვნების კარგვა აღიარებულია გლობალურ დონეზე კრიტიკულ გარემოსდაცვით პრობლემად კლიმატის ცვლილებასთან ერთად. თუმცა, ბიომრავალფეროვნების დაცვით, ეკოსისტემების მდგრადი მართვითა და ბიოლოგიური რესურსების გონივრული სარგებლობით შესაძლებელია ბუნებრივი სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და ამით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მოსახლეობის კეთიდღეობის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში, რაც თავის მხრივ, შექმნის პირობებს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნულ მიზნის მიღწევას ემსახურება „2014-2020 საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (NBSAP)“, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 8 მაისს დაამტკიცა. დოკუმენტი აქცენტს აკეთებს ბიომრავალფეროვნების ფასეულობებისა და მათი შენარჩუნების აუცილებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და გეგმის განხორციელებით საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ასევე გლობალურ დონეზე ბიომრავალფეროვნების კარგვის შემცირებაში.

 

 

პარტნიორები