საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

თევზჭერა

 

 

 

 

საქართველოში  გავრცელებული  თევზის  სახეობები 

 

 

 

სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა

 

სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით,  ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.


სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერაში აკრძალულია:


ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია  და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);

 

ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;


გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2  მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.


დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;


ე)  წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების
     უმეთვალყუროდ დატოვება;


ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

 

 

 

 

თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები

 

აკრძალულია თევზჭერა:


ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;

 

ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;

 

გ) ცეცხლსასროლი იარაღებით;

 

დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;

 

ე) შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;

 

ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით;

 

ზ) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.

 

 

 

 

ჭერააკრძალული თევზის სახეობები


აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:


ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;


ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;


გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;


დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;


ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;


ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.

 

 

 

 

თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესი

 


ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.                            

ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.

 

ვრცელი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მთავრობის N 138 დადგენილება

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                      

 

 

 

 

 

 

პარტნიორები