საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

წყალი

 

 

 

 

 

 

საქართველოს გააჩნია მდიდარი წყლის რესურსები - მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები  და მიწისქვეშა წყლები, რაც ქვეყნის მთიანი რელიეფით და ნალექების სიუხვით არის განპირობებული. საშუალო წლიური ნალექების მნიშვნელობა საქართველოში 1,338 მმ-ა, ხოლო საშუალო წლიური ნალექების მოცულობა - 93.3 კმ3, რაც უტოლდება წლიური განახლებადი მტკნარი წყლის მოცულობას ერთ სულ მოსახლეზე - 14,000 მ3.

 

საქართველოში 26,000-ზე მეტი მდინარეა საერთო სიგრძით 60,000 კმ, რომელთა 99.5%-ს შეადგენს მდინარეები 25 კმ-ზე ნაკლები სიგრძით. აქედან, უმეტესობა მთის მდინარეებია საშუალო სიგრძით 2.3 კმ. საქართველოს მთიანი რელიეფიდან გამომდინარე, ძალიან მცირეა გრძელი კალაპოტის მქონე ან დიდი აუზის მქონე მდინარეების რაოდენობა - მხოლოდ 273 მდინარეა 25 კმ-ზე მეტი სიგრძით.

 

საქართველოს მდინარეები მიეკუთვნებიან შავი და კასპიის ზღვების აუზებს: შავი ზღვის აუზი დასავლეთში და კასპიის ზღვის აუზი ქვეყნის აღმოსავლეთში. დაახლოებით 8,000 მდინარე ჩაედინება კასპიის აუზის საქართველოს ნაწილიდან, რუსეთის გავლით თერგის და ანდის ყოისუს საშუალებით ან აზერბაიჯანის გავლით მდინარე მტკვრის საშუალებით კასპიის ზღვაში. შავი ზღვის აუზი მნიშვნელოვნად უფრო მდიდარია წლის რესურსებით კასპიის აუზთან შედარებით მოიცავს რა საქართველოში ფორმირებული მთლიანი შიდა განახლებადი ზედაპირული წყლების დაახლოებით 75%-ს, რაც შეადგენს 42.5 კმ3/წელიწადში, როცა კასპიის ზღვის აუზში წარმოიქმნება 14.4 კმ3/წელიწადში.

 

საქართველოში 734 მყინვარია. მათ საერთო ფართობი შეფასებულია როგორც 511 კმ2. მყინვარებში დაცული ყინულის მოცულობა 30 კმ3-ია, რომლის 5%, ანუ 1.5 კმ3 მონაწილეობს წყლის წლიურ ცირკულაციაში. 

 

საქართველოში 860, უპირატესად მცირე ზომის ტბაა (<1 კმ2 ფართობით), რომელთა სარკის ჯამური ფართობი 175 კმ2-ია, ხოლო მთლიანი წყლის მოცულობა 400 მლნ მ3. საქართველოს დიდი ზომის ტბებს მიეკუთვნება ფარავნის ტბა, უდიდესი ზედაპირის ფართობით - 37.5 კმ2 და ტაბაწყურის ტბა, რომელიც უდიდესია წყლის მოცულობით - 0.22 კმ3. მტკვრის აუზში არსებული ზოგიერთი ტბა ტრანსსასაზღვროა - კარწახის ტბა (26.3 კმ2) თურთქეთთან და ჯანდარის ტბა (12.5 კმ2; 54,280 მლნ მ3) აზერბაიჯანთან.

 

 

 

რეგულირება

 

 

წყლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები საქართველოში სხვადასხვა უწყებებს შორის ნაწილდება, რომელთაგან წამყვანი უწყებაა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 

წყლის რესურსების დაცვის საკითხები რეგულირდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხარისხობრივი ნორმების, ჩაშვების ლიმიტების და წყლის გამოყენების კვოტების საშუალებით.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება #425 საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ადგენს მოთხოვნებს სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობით გამოწვეული დაბინძურებისაგან ზედაპირული წყლების დაცვისათვის. დადგენილება განსაზღვრავს წყლის ხარისხობრივ ნორმებს და დამაბინძურებლების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით. იმავდროულად, იგი ადგენს მოთხოვნებს წყალმომხმარებლებისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების კარგი ხარისხი.

 

ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების შემუშავებისა და დამტკიცების წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით #414 ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების წესს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას დაქვემდებარებული ობიეტებისათვის, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენ ჩამდინარე წყლებს. წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები დგინდება თითოეული დაბინძურების წყაროსათვის ფონური კონცენტრაციის, წყალსარგებლობის კატეგორიის, წყლის ობიექტში არსებული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების და მისი ასიმილაციის უნარიანობის გათვალისწინებით. ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმებს თითოეული წყალმოსარგებლისათვის ითანხმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 

ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით #17 გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე. ამ დოკუმენტით დადგენილია საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი და ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი. 

 

 

 

                                           

 

 

 

 

                                                

 

 

 

 

 

 

პარტნიორები