საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

21 აგვისტო 2017 | ხანძარი ბორჯომის ხეობაში

2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

 

ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. ღამის განმავლობაში ხანძრით მოცული ფართობი 5 ჰა-მდე გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია, ასევე, უსაფრთხოდაა 2014-2017 წლებში გაშენებული ნარგავებიც. ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიკური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები).

 

ტყის აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით მოხერხდა ხანძრის გავრცელების არეალის კონტროლი, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩართულია საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, მეხანძრე - მაშველების კვალიფიციური და დროული ქმედების, ასევე მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხერხდა საფრთხის შემცირება და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ცეცხლის კერამდე აყვანა.

 

ტერიტორიაზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე 200-მდე მეხანძრე - მაშველი, მეტყევე და მოხალისე რჩება. ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

 

აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.

 

 

პარტნიორები