საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 ოქტომბერი 2017 | საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის შეხვედრა გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში „ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებზე“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილის შესრულების მიმართულებით განხორციელებული პროგრესის და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

 

ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებასა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზე. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებასთან შეერთების მნიშვნელობას და პოზიტიურად შეაფასეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საწყისი ფაზის განხორციელების მდგომარეობა. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობა ქვეყნის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ქართულ მხარეს ევროკავშირმა მიაწოდა ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ შემოთავაზებებში.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმართველოს ხელმძღვანელი დირქ შუბელი. ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, მოადგილე კარლო ნატალე და დარგობრივი ექსპერტები ევროკომისიიდან.

 

„ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სამოქალაქო დაცვის საკითხებზე“ ქვეკომიტეტის შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

 

 

პარტნიორები