საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

10 ოქტომბერი 2017 | „სატყეო რეფორმა“ - კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მეტყევის დღესთან დაკავშირებით, „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ინიციატივით, კონკურსის - „სატყეო რეფორმა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 

კონკურსში ჩართული იყვნენ მედიასაშუალებები, რომელთაც ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი; საუკეთესო სტატია; საუკეთესო რადიო რეპორტაჟი; აქტიური სატელევიზიო გაშუქება; აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში; აქტიური გაშუქება ინტერნეტ მედიაში; საზოგადოების რჩეული;

 

კონკურსის მიზანია სატყეო დარგის პოპულარიზაცია და  ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება სატყეო სფეროში ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. პროექტში ჩართულმა ჟურნალისტებმა გადამზადების კურსები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად  გაიარეს. ასევე, მოეწყო მედიატურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე. შედეგად, პრობლემები აქტიურად შუქდებოდა სატელევიზიო, ბეჭდურ, რადიო და ინტერნეტ მედიაში.

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი პრიზები და სპეციალური სერთიფიკატები. დაჯილდოვდნენ სატყეო სფეროს წარმომადგენლები დარგში შეტანილი წვლილისთვის და ახალგაზრდა გარემოსდამცველები.

 

პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.

 

 

პარტნიორები