საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

04 დეკემბერი 2017 | კონკურსი „სუფთა რეგიონი“-ს გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ორგანიზებით და ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

კონკურსი საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა, რომლის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.

 

კონკურსის გამარჯვებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქიმ და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში მოლი ლეინმა შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვეს:

 

ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ - გურიის რეგიონი;

ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - კასპის მუნიციპალიტეტი;

ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ - ქალაქი ზუგდიდი;

ნომინაცია „სუფთა სოფელი“ - სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი);

ნომინაცია „ლამაზი ეზო“ - პაატა გოგელიას ეზო (ქ. ზუგდიდი).

 

 

კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს, კონკურსის 6 თვიან პერიოდში, საშუალება ჰქონდათ გადმოეგზავნათ ფოტო და ვიდეო მასალა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.

 

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში პირველად  2014 წელს გამოცხადდა კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში და გამარჯვებულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელი ჭითაწყარო–ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს, კონკურსი მეორედ ჩატარდა.

 

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

 

 

პარტნიორები