საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

05 დეკემბერი 2017 | ქ. ნაირობიში გარემოსდაცვითი ასამბლეის მესამე სესია გაიმართა

ქ. ნაირობიში (კენია) გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) გარემოსდაცვითი ასამბლეის მესამე სესია (UNEA 3) და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქათველოს სახელით შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ ალადაშვილმა მიმართა. ასამბლეაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის, საბანკო სექტორის, ეკონომიკური კომისიებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

გარემოსდაცვითი ასამბლეის მესამე სესიის ძირითადი თემა დაბინძურების შემცირებაა, რაც გულისხმობს  გლობალური პროცესის დაჩქარებას ჰაერის, მიწის, წყლისა და ოკეანეების დაბინძურების აღმოფხვრის მიზნით. სესიის ფარგლებში, განხილული იქნა ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების განხორციელების ანგარიში, ასევე, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მმართველობის საკითხები, წლიური სამოქმედო გეგმის პროგრამის შესრულების და გლობალური გარემოს დაცვის მეექვსე მიმოხილვის (GEO 6) განახლების საკითხები. შეხვედრაზე ამბიციური პოლიტიკური დოკუმენტი მიიღეს სახელწოდებით - „დაბინძურებისაგან თავისუფალი პლანეტისაკენ“, რომლის ინიციატორიც ასამბლეის პრეზიდენტი და კოსტა რიკას გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრი ედგარ გუტიერეს-ესპელეტაა.

 

ასამბლეის პარალელურად გაიმართა 4 მაღალი დონის დიალოგი: 1) მეცნიერება, მტკიცებულება და მოქალაქეების ცნობიერება ცვლილებებისთვის; 2) მარეგულირებელი ჩარჩო, ინსტიტუციები და კანონის უზენაესობა; 3) პრაქტიკული გადაწყვეტილებები დაბინძურებისაგან თავისუფალი პლანეტისათვის; 4) დაფინანსება და ინოვაცია დაბინძურებასთან საბრძოლველად. გარდა ამისა, მოეწყო არაერთი პარალელური ღონისძიება და გამოფენა.

 

 

პარტნიორები