საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

20 დეკემბერი 2017 | პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებმა სამთავრობო პროგრამა წარადგინეს

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს.  

 

ხუთი კომიტეტის - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარული კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დეპუტატებს 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” - გარემოსდაცვითი მიმართულებები გააცნო. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გარემოს დაცვის მიზნებზე, პრიორიტეტებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და გაერთიანებული სამინისტროების სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

 

საქართველოს მთავრობის მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით შესაბამისი სექტორული მიმართულებების განვითარება, მისი ძირითადი პრიორიტეტის - კონსერვაციის/დაცვის მექანიზმების ხელშეწყობა და ამასთანავე მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას, რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.

 

მთავრობის განახლებული შემადგენლობის  პროგრამა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრებმაც მოისმინეს.

 

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება, ხოლო მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

 

 

პარტნიორები