საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

11 იანვარი 2018 | ფოთში ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები შემოწმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ქ. ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) კომპლექსური, არაგეგმიური შემოწმება განახორციელეს.

 

სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება.

 

განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა - ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში ასახული გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა არ ემთხვევა საწარმოებში არსებულ გაფრქვევის წყაროთა ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა. შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

 

აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალდარღვევის საქმის წარმოება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კომპანიების დაჯარიმების შემდეგ, გამოსცემს ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომლის შესაბამისად კომპანიებს დაევალებათ დადგენილ ვადაში აღმოფხვრან გამოვლენილი დარღვევები, მოაწყონ სათანადო გამწმენდი ნაგებობა, უზრუნველყონ ჰაერში ემისიების გავრცელების შეზღუდვის მიზნით შესაბამისი დანადაგარის დამონტაჟება.

 

 

პარტნიორები