საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

09 თებერვალი 2018 | ნინო თანდილაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლისა და ნარჩენების მართვის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

 

წარდგენილი ცვლილებები, საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მკაცრდება ასევე ნადირობის წესების დარღვევისა და უკანონო წიაღით სარგებლობისათვის გათვალისწინებული სანქციები. იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია ტყეზე ზეწოლის შემცირება და ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების მაქსიმალური შემცირება, სამინისტროს მიერ დამატებით ინიცირებული იქნა შესაბამისი წინადადებები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირებისთვის სანქციების გამკაცრებისა და სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე მოწყობისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. იურიდიულმა კომიტეტმა დამატებით ინიცირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

 

საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების კიდევ უფრო ეფექტიან მართვას, ბრაკონიერობის, ხე-ტყისა და წიაღის უკანონოდ სარგებლობის შემცირებასა და პრევენციას.

 

 

პარტნიორები