საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

09 მარტი 2018 | აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა

დღეისათვის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამთავრობო კომისიის წევრი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 


საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩართულობით და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა, რომლის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებსგააცნო. 


ლევან დავითაშვილმა საქართველოში ამერიკელი მეცნიერების და სპეციალისტების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში წამყვანმა სპეციალისტებმა, ქართველ მეცნიერებთან ერთად სახელმწიფო პროგრამა საერთაშორისო სიმპოზიუმზე განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სპეციალისტებმა 2017 წელს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები და 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია დადებითად შეაფასეს.


სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. 


„2018 წელს ჩვენი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა და კონტროლი მიღწევადია მხოლოდ სახელმწიფოს, ფერმერების და მთლიანად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. პირველი ამოცანა ჩვენი სტრატეგიის არის ის, რომ ჩვენ მინიმუმამდე შევამციროთ ეკონომიკური ზარალი, მოვახდინოთ კონტროლი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ იყოს წამგებიანი. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ აზიურ ფაროსანას - ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან მონიტორინგის სისტემა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება და მონიტორინგის შედეგები მოსახლეობას ოპერატიულად მიეწოდება.


„დათბობასთან ერთად აზიური ფაროსანას აქტივობა გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს ცივი პერიოდი. ახლა მავნებელი იმყოფება გამოზამთრების ფაზაში. ის იქნება შენობაში და შესაბამისად, ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვერ ჩავატარებთ ვერანაირ წამლობას, რადგან სახლში ქიმიური წამლობა დაუშვებელია. ბევრი ცდილობს პანიკის დათესვას, მათ შორის ბევრმა პოლიტიკოსმა, სამწუხაროდ, ეს თავის დღის წესრიგის ნაწილი გახადა. ამ ეტაპზე, მარტის ბოლომდე, მავნებლის წინააღმდეგ ეფექტიანია მხოლოდ მექანიკური ღონისძიებების გატარება. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ თავის ტერიტორიაზე, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებში თუ დამხმარე ნაგებობებში მექანიკურად უნდა მოახდინოს ამ მავნებლის განადგურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა

 

 

პარტნიორები