საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12 ივნისი 2018 | ლევან დავითაშვილი აბდელა სროურს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ხმელთაშუაზღვისპირეთის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) აღმასრულებელ მდივანს, აბდელა სროურს შეხვდა.

 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეთევზეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო მიიღებს ტექნიკურ დახმარებას შავ ზღვაზე მონიტორინგის განხორცილებისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების სახით. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მეთევზეობის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ვფიქრობ, თქვენთან თანამშრომლობით საქართველოში მეთევზეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებზე და ყურადღება სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მეთევზეობის სექტორში მონაცემთა სისტემის შექმნის საჭიროებაზე, შავ ზღვაზე მონიტორინგის სისტემისა და კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც GFCM-ის აღმასრულებელმა მდივანმა, აბდელა სროურმა განაცხადა, საქართველოს მეთევზეობის სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და მინისტრს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

 

საქართველოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შორის, 2018 წლის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარების ხელშემწყობი აქტივობები განხორციელდება.

 

 

პარტნიორები