საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12 ივნისი 2018 | USAID-ის 5 წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი USAID-ის 5 წლიანი პროექტის (REAP) ოფიციალური დახურვის ცერემონიალს დაესწრო. 


პროექტის “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა”, მიზანი საქართველოში, აგრობიზნესის გაძლიერება იყო, რომლის ფარგლებშიც, ფერმერებისთვის როგორც საგრანტო, ასევე ტექნიკური დახმარების გაწევა განხორციელდა. 


მინისტრმა თანამშრომლობის 5 წლიანი პერიოდი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ცოდნაზე წვდომა ჰქონოდათ.


„ეს იყო წარმატებული მუშაობის 5 წელიწადი და აღსანიშნავია, რომ ეს არის საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ღირებული მაგალითი. აღნიშნული პროექტის დახმარებით, ქართველმა ფერმერებმა გაზარდეს საკუთარი პროდუქციის ხარისხი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა USAID-ს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობაში აზიური ფაროსანას სახით არსებული გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.


„არ შემიძლია ამ წარმატების ფონზე არ აღვნიშნო გამოწვევები, რომელიც გვქონდა და მათ შორის იყო ახალი მავნებელი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში USAID იყო პირველი, ვისგანაც ჩვენ მივიღეთ დახმარება. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში რჩება სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ პირველ საფრთხედ, საქართველოში, სახელმწიფოსა და თქვენი პროექტის კარგი თანამშრომლობით შევძელით შედეგების მიღება. ვფიქრობ, რომ წელს კონტროლში მოვაქციეთ მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილის გადარჩენას მოვახერხებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 


REAP -ის პროექტი ორი კომპონენტისგან - საგრანტო და ტექნიკური დახმარებისგან შედგებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით REAP -ის 6 მლნ დოლარიანი გრანტი 70 ქართულ აგრო-წარმოებას მოხმარდა. ამ პროექტით ქართველ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID საქართველოს მოქმედი მისიის დირექტორი ტომას მორისი, USAID-ის ეკონომიკური ოფისის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ქართული აგრო-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.

 

 

პარტნიორები