საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

13 ივნისი 2018 | 250 000 დოლარი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. 


ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.


„ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა. 


თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.


ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა ჯეფ მორგანმა მოაწერეს. 

 

 

პარტნიორები