საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

08 ივლისი 2018 | მეიდანზე „კოოპ-მარკეტი” მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კოოპერატივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „კოოპ-მარკეტი“ დაათვალიერა.

 

გიორგი ხანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად ფერმერებს კოოპერატივების საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 20 -ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო.

 

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და ყველი.

 

ღონისძიება გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა საქართველოს 2013 წლიდან დაიწყო. მცირე ფერმერთა გაერთიანებების, კოოპერატივების სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა სხვადასხვა დარგის კოოპერატივების ხელშეწყობისათვის.

 

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

 

პარტნიორები