საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

01 აგვისტო 2018 | გერმანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი და სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელს, იურგენ კაინჰორსტს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და  თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის   შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების ახალ კანონში იქნება გაწერილი. ბიოსფერული რეზერვატი - მდგრადი განვითარების რეგიონალური მოდელია, რომელიც გულისხმობს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას, ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორცილებას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, ასევე ტრადიციული ფერმერული საქმიანობის განვითარებას.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში პირველი UNESCO-ს ბიოსფერული რეზერვატის დაარსების საბოლოო პროცედურების გავლის საკითხებზე და   კახეთში გერმანიის მხრიდან ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოლხეთის ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების,  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) იუნესკოს მიერ, მსოფლიო ბუნების მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მნიშვნელობაზეც.

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში, გარემოსდაცვითი მიმართულების 10 პროექტი მიმდინარეობს.

 

 

პარტნიორები